მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ახალი ტურნიკეტები მოეწყობა

422

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ახალი ტურნიკეტები მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი ტურნიკეტის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა, რაც 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

„მეტროში პრობლემური საკითხია ვარკეთილის და გლდანის მეტროს ჩასასვლელი და ამოსასვლელი, რომელიც ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც განსაკუთრებით პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განისაზღვრა რა იწვევს ამ ყველაფერს და რა უნდა გაკეთდეს.

ე.წ. ტურნიკეტი ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრების გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რომ მოხდეს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება. ამას დრო დასჭირდება, თუმცა მანამდე მოკლევადიან პერიოდში გასაკეთებელია ე.წ. ტურნიკეტების თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება. ახალი ტურნიკეტების დამონტაჟება. „ახმეტელის“ და „ვარკეთილის“ მეტროში გვაქვს 7 გასასვლელი. ახალი ტურნიკეტის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. ეს 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს. 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნავს კალაძე.