მთავრობა 1 კგ „სახვანჭკარე” ყურძენს 4 ლარით დაასუბსიდირებს

298

წინა სტატია

მთავრობა “სახვანჭკარე” ყურძენსაც დაასუბსიდირებს – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სუბსიდირების მოცულობა 1 კილოგრამზე როგორც ალექსანდროულის, ასევე, მუჯურეთულის შემთხვევაში 4 ლარი იქნება.

„მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი;

გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთველის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შედეგად, წელს რთველის სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტს რეკორდული 150 მლნ ლარი დაუჯდება. გასულ წელს კი, რთველის სუბდირებისთვის იმ დროისთვის, ასევე, რეკორდული, 138.4 მილიონი ლარი დაიხარჯა.

შეგახსნებთ, „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში დაყენების შესახებ წესი წელს პირველად ამოქმედდება.