პრემიერი: 2023 წელს ინფრასტრუქტურაზე 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ

319

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის 6 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა. აქედან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და ა.შ. ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს, დაახლოებით, 6 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ. აქ შედის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც შეეხება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას – მილიარდ 200 მილიონი დაიხარჯება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 2 200 მილიონი ლარი, წყალმომარაგება/ წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე – 520 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი დაპირებაა, რომ 2025 წლისთვის სულ რაღაც 2 წელიწადში ყველა ქალაქს, ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მინდა ვთქვა, რომ, ასევე, რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მილიონი ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი გეგმის მიხედვით, 2 წელში, დაახლოებით, უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში, უნდა შესრულდეს ძალიან მალე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, მისივე თქმით, სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ჯამურად 900 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოიყოფა 590 მილიონი ლარი, ამაში შედის მელიორაციაც, აგროკრედიტები, აგროდაზღვევა და უამრავი სხვა.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, აწარმოე საქართველოში პროგრამას გამოვუყოფთ 260 მილიონ ლარს. ჯამურად თითქმის 900 მილიონი ლარი მიემართება ამ მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერმა.