კალაძე: გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება და 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ

355

როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას- გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყოველდღე დედაქალაქში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. გასულ წელს, დეკემბრის თვის მონაცემების თანახმად კი 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა.

“როდესაც ამხელა სამუშაოები მიმდინარეობს მელიქიშვილზე ეს იწვევს ვარაზისხევის, ჭავჭავაძის ქუჩის გაჭედვას, ასევე პრობლემურია გადაადგილება ბარნოვის, აბაშიძის ქუჩებზე. გმირთა მოედანი როდესაც იჭედება, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. მაგალითად, გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება. 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ, ეს ძალიან დიდი ციფრია.

ვიცით, რატომ ხდება ეს. როდესაც ამ სამუშაოებს დავამთავრებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული.

ვაკვირდებით დედაქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებას. გასულ წელს, დეკემბრის პერიოდში, ქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. დღეს, ყოველდღე დედაქალაში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოწესრიგება სჭირდება. დღის განმავლობაში დაახლოებით მილიონ 300 ათასი მგზავრი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, -აღნიშნავს კალაძე.