ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ერთი კილომეტრი სიგრძის ბულვარი გაიხსნა.
რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და განათების სისტემები მოეწყო, ცენტრალურ ნაწილში კი, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი.
სამუშაოების ფარგლებში, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებული თარგები, რომლითაც გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 62 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 2 800-მდე მწვანე ნარგავი.
რიგის პარკის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა. პარკის მიმდებარედ არსებული ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს ნაწილობრივ ჩატარდა, მიმდინარე წელს კი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა.
სამუშაოები, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 9 757 322 ლარი შეადგინა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.