კალაძე: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთა სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი გაკეთდება

195

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი გაკეთდება, რაც გაზრდილ მგზავრთანაკადს დისკომფორტს არ შეუქმნის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, გვაქვს ორი კონკრეტული ადგილი, სადაც დილის საათებში გაზრდილი მგზავრთანაკადია.

„მეტროში პიკის საათებში გაზრდილი მგზავრთანაკადი ყოველთვის იყო. გვაქვს ორი კონკრეტული ადგილი, სადაც დილის საათებში არის პრობლემა, მათ შორის, არის „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი. არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ „ახმეტელის მეტროს“ სათადარიგო ჩასასვლელი და ამოსასვლელი აქვს, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო დაპროექტებული. სამწუხაროდ, ამოსასვლელი ტერიტორია გაყიდულია, ნახევარი ნაწილი, სადაც შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ ყველაფრის გასხვისება. დედაქალაქის მერია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად პროექტს აკეთებს, რომ მოხდეს ამ სივრცის გამოსყიდვა, „მეტრო ახმეტელზე“ განხორციელდეს პროექტი ახალი სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს კალაძე.