თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას გზებზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა აღარ იქნება.
„კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ მეგობრებო, ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და გვინდა ამ ქალაქის კეთილდღეობა, განვითარება. ამ სამუშაოების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება. მე ძალიან კარგად მესმის თქვენიც, როდესაც ჩადიხართ ევროპულ ქალაქებში, ევროპულ ქვეყნებში ძალიან მოგწონთ იქ არსებული ინფრასტრუქტურა, როგორ არის ქუჩები მოწესრიგებული, როგორ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაბამისი ზოლები გამოყოფილი და როგორ სწრაფად არის შესაძლებელი გადაადგილება. 100%-ით დარწმუნებული ვარ, გაქვთ სურვილი, რომ იგივე ჩვენს ულამაზეს ქალაქში გაკეთდეს, იგივე პროექტები განხორციელდეს და ვირტუალურად ამის მომხრეები ხართ. გაქვთ სურვილი, რომ დედაქალაქის მერიამ ეს პროექტები განახორციელოს, მაგრამ როდესაც დისკომფორტი თითოეულ ჩვენგანს გვეხება, მაშინვე გრძნობთ უკმაყოფილებს, მაშინვე არ მოგწონთ ეს ყველაფერი. მაშინვე ვიწყებთ საუბარს, რას აკეთებს თბილისის მერია, ეს რა პროექტები ხორციელდება? მესმის, რომ არის დისკომფორტი, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ქალაქის განვითარება წარმოუდგენელია“,- განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დღეს თბილისს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში.
„როდესაც სატრანსპორტო რეფორმაზე და ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურად თანმიმდევრულები ვართ. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო დაპირება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება და ჩანაცვლება მოხდებოდა, ახალი, ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, ეს დაპირება შესრულდა. პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. ნამდვილად მეამაყება როგორც ქალაქის მერს, რომ დღეს დედაქალაქს ჰყავს ყველაზე ახალი, ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიძლება ითქვას, მთელ ევროპაში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ მთლიანად პარკის ჩანაცვლება მოვახერხეთ და მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები გვყავს. ეს იყო ამ რეფორმის პირველი ეტაპი. რა თქმა უნდა, არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ასევე მოცდის დროის შემცირება, რომ ადამიანებს არ უწევდეთ ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში მოსაცდელებზე. ეს ყველაფერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაკეთდება. სხვანაირად შეუძლებელია, თუ ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები არ იქნება, რასაც დედაქალის მერია აკეთებს ყველა იმ პროექტის განხორციელების დროს, სადაც ამის გაკეთება კვლევების შედეგად შესაძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.