თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი არსებობს,სადაც გზების შეზღუდული გამტარობის გამო დაგეგმილი ბრუნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ვერ სრულდება.
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით, 8%-ით იზრდება, რაც ძალიან დიდი ციფრია.
კალაძე გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქტიურად სარგებლობაში ხედავს.
„ჩვენ დედაქალაქში ვახორციელებთ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში და გვაქვს რთული მონაცემები. დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი არსებობს, სადაც გზებზე შეზღუდული გამტარობის გამო დაგეგმილი ბრუნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ვერ სრულდება. 20 კონკრეტული კვანძი არის, სადაც მაგალითად, ავტობუსმა დღის განმავლობაში 40 მგზავრობა უნდა გააკეთოს A პუნქტიდან B პუნქტამდე, თუმცა, 30%-ით ვერ ასრულებს ის ამ გადაადგილებას, რაც იწვევს გარკვეულ დისკომფორტს და გადავსებულ ავტობუსებს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა საზოგადოებისთვის და ზუსტად ამიტომ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. გვინდა ამ ყველაფერში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. ის, რომ 30% -ით ვერ სრულდება ეს ბრუნები იმას ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ერთი მხრივ, ზრდის მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, ვიღებთ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მათ შორის არის, მარშალ გელოვანის კვანძი, სადაც დაკვირვებამ აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ით შემცირებით აღნიშნული კვანძი ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს. ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, საჭიროა გადაადგილებისთვის 8-10%-სთვის მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად რეალურია. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 8%-ით იზრდება ყოველწლიურად, რაც ძალიან დიდი ციფრია ისეთი რელიეფის ქალაქისთვის, როგორიც თბილისია. რა არის გამოსავალი? – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, რთული პროცესია, მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთად უნდა გადავიტანოთ და მოვაგვაროთ. ყველა განვითარებულ დიდ ქალაქში – პარიზში, მილანში იგივე პრობლემები იყო ათეული წლის წინ, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. მათაც განახორციელეს პროექტები, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ დედაქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.