“სამართლიანი არჩევნების”ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლავ ყველაზე პრობლემურ საარჩევნო ოლქად რჩება მარნეულის #22 ოლქი, სადაც, ცალკეულ უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში ფიქირდება ისეთი სახის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მარნეულის #50-ე, 18-ე, 31-ე, 83-ე უბნებზე ფიქსირდება ისეთი არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა, არასათანადო დოკუმენებით ხმის მიცემის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე.
ამ დროისთვის ორგანიზაციის 60 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 66 საჩივარია – საოლქო კომისიებში, ხოლო 47 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნშია დაფიქსირებული.
დარღვევები
15:00 საათდან 19:00 საათამდე მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა:
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე რამოდენიმე ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პასპორტით მისცა;
- #22 მარეულის #18 საარჩევნო უბანზე 3 რეგისტრატორმა ამომრჩევლებს ბიულეტენები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე გადასცეს;
სხვის ნაცვლად ხმის მიცემა:
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე რამოდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემას.
არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა:
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე 3 კომისიის წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მოცმეულ უბანზე რეგისტრირებული;
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე 2 ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი ყუთით, ასევე უბანზე, რასთან დაკავშრებითაც ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა;
მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა:
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე მარკირება არ შეუმოწმდა 3-ზე მეტ ამომრჩეველს;
- მარკირების შემოწმება არ ხდებოდა, ასევე, მარნეულის #50 საარჩევნო უბანზე;
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების შემოწმების გარეშე მიიღო;
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობის გამო ხმის მიცემა კაბინაში არ შეეძლო, ბიულეტენები კენჭისყრის კაბინის გარეთ, კომისიის წევრების თანდასწრებით შემოხაზა;
აგიტაცია საარჩევნო უბანზე:
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #84 სარჩევნო უბანზე რეგისტრატორი აგიტაციას პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ ეწეოდა, კერძოდ, უბანზე მოსულ ამომრჩევლებს პარტიის რიგით ნომერზე მიუთითებდა.
ზეწოლა დამკვირვებელზე:
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე იჩენს აგრესიულ და უარყოფით დამოკიდებულებას ორგანიზაციის დამკვირვებლის მიმართ;
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებელი ნაზახის გოისუბოვი ზეწოლას ახდენს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე, რათა მან არ დაწეროს საჩივარი. აღსანიშნავია, რომ ეს პირი დღის განმავლობაში გავლენას ახდენდა ამომრჩევლების ნების გამოვლენაზე.
ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.
ამომრჩეველთა სიის ხარვეზი:
- #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი პირია.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:
- #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ბიულეტენები სიაში ხელმოწერების გარეშე გადასცეს. ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა და შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობა;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს საარჩევნო სიაში ხელი არ მოაწერინა;
- #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმების გარეშე გასცა;
- #9 ნაძალადევი საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენები 3-ით აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას;
- #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არასათანადო გრაფაში მოაწერინა ხელი;
- #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში #66 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი წინასწარ ამოწმებდა ბიულეტენებს ხელმოწერით და ბეჭდით, რაც დამკვირვებლის მითეთების შემდეგ აღმოიფხვრა;
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო მითითებული სადემონსტრაციო ოქმში, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
- #4 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთით მეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა;
- #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დადგინა, რომ ყუთის თანმხლები კომისიის წევრებს საჭიროზე ერთით ნაკლები ბიულეტენი გაატანეს;
- #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში #23 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასათანადო გრაფაში მოაწერა ხელი.
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო აღნიშნული, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევდა გადასატანი ყუთით.