თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის შადრევანი, განთავსდა საპარკე ინვენტარი, ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნები და მოსასვენებელი პავილიონი.
„დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე – ლიბანის სკვერი შეემატა. გვახსოვს აქ რა მდგომარეობა იყო. დღეს კი ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია. დაირგო ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემით. დამონტაჟდა განათებები და ბავშვებისთვის ატრაქციონები. მოეწყო მოსასვენებელი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის. მთლიანად პროექტი დასრულებული არ არის, რადგან მიმდებარედ, სარაჯიშვილის სკვერის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში ისიც დასრულდება. წლის ბოლოსთვის კი სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლი მთლიანდ მოწესრიგდება და ამ პროექტის სახით, ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა, რაც ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
აღნიშნულ სკვერში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 349 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მოეწყო სარწყავი სისტემა 4 509 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაითესა ბალახი და ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი.
ლიბანის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 226 211 ლარს შეადგენს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.