საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

244

საბურთალოს რაიონში, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 453 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე, ამ დრომდე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად, გზის მოწესრიგება ბარათაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობა გრუნტიან გზაზე გადაადგილდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ასრულებს.