მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შეძენისათვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 118 000 ლარის ღირებულების ტენდერი 2022 წლის 20 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „უნივერსალ პროჯექტი“-მ მიიღო რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 90 000 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, შპს „იუნივერსალ პროჯექტი“-მა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნა, კონკრეტულად კი კომპანიის პერსონალის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალისტად წარმოდგენილია გიორგი ციმაკურიძე დანართი N4-ში მითითებული 10 წლიანი გამოცდილებით:
2 დიპლომი: პირველი – სამშენებლო ფაკულტეტის დიპლომი, რომელიც გაცემულია 2016 წელს, ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, მეორე – ინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით, რომელიც გაცემულია 2018 წელს, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების მშენებლობის სპეციალობით. გიორგი ციმაკურიძეს ბაკალავრის დიპლომი აღებული აქვს 2016 წელს, ხოლო გამოცდილების ნაწილი დათვლილია 2012 წლიდან, ანუ სპეციალისტი როდესაც იყო 18 წლის (დაბადებულია 1994 წელს დგინდება პირადობით) და არ ქონდა შესაბამისი დიპლომი/კვალიფიკაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკამარისია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ დოკოუმენტებს/ინფომრაციას შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა, სატენდერო კომისია მსჯელობას აღარ განავითარებს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სხვა დაზუსტებულ დოკუმენტაციაზე“. – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი ხელმეორედ 28 ივლისს გამოაცხადა.
საპროექტო დოკუმენტის აღწერაში წერია, რომ იგეგმება სანიაღვრე ქსელის მოწყობა, საპარკინგე სივრცეების განსაზღვრა და ამკრძალავი მარეგუილრებელი ნიშნების განთავსება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვისათვის ადაპტირებული გადასასვლელების, ტროტუარების მოწყობა და სხვა.
„საპროექტო ქუჩაზე ოთხი სატრანსპორტო კვანძია: 26 მაისის მოედნი, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ესტაკადა, ეგრედწოდებული ბაზრის სატრანსპორტო კვანძი და მთავრდება სამედ ვურღულის მოედნით. სატრანსპორტო და საპარკინგე ქსელი მოუწესრიგებელია ქაოტურად ხდება პარკირება. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის გაჩერებები თითქმის არ არსებობს. დღის გარკვეულ მონაკვეთებში ქუჩა გადატვირთულია და იქმნება საცობები. საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები ქუჩაზეა განთავსებული და მათთვის განსაზღვრული შეჭრები თითქმის არ არსებობს. ქუჩის მთელ სიგრძეზე გასდევს მაღალი წნევის გაზსადენი მილი რომელიც ზოგიერთ ადგილზე ზედ ტროტუარზეა მოწყობილი. აღნიშნული გზის ასფალტ/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. ანალოგიური დაზიანებებია ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარებზეც. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს, რაც ხელს უშლის ფეხითმოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას“ – წერია საპროექტო ობიექტის აღწერაში.
მარნეულის მერია რუსთაველის ქუჩის რებილიტაციისათვის საჭირო პროექტის შესყიდვას კვლავ 118 000 ლარად გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 5 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ.