ქარსელაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა კურორტის სრული განვითარებისათვის შესაძლებლობას იძლევა

283

მაღალი ტემპით მიმდინარეობს როგორც აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისთვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტის სრული განვითარების შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, შემოვლითი გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა, მიწის სამუშაოები და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ხელოვნური ნაგებობების 60% და მიწის სამუშაოები 95% უკვე დასრულებულია. 368 მეტრიანი გვირაბის ბურღვა უკვე 270 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს.

„შემოვლითი გზის მშენებლობა, გრაფიკის შესაბამისად, 2023 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო ბაღდათი-აბასთუმნის გზის 20 კმ-ზე მეტის საფარი წელს მოეწყობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობა, ნაცვლად 4 საათისა, 2.5 სთ-ში იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებს შორის კავშირის განვითარებას, ასევე ტურისტების ნაკადების ზრდას,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შემოვლითი გზის მშენებლობა ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან განტვირთავს უნიკალურ კურორტს. ახალი გზით შენარჩუნდება არა მხოლოდ დაბის ეკოლოგიური მდგომარეობა, არამედ კავშირი ორ რეგიონს – იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის. პროექტის ღირებულება 44.7 მილიონ ლარზე მეტია.

,,აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის პროექტის გაგრძელება, რომელიც გზის უსაფრთხოებისა ხარისხის ზრდასთან ერთად, ამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე).

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებსაც აწარმოებს. ავტოსადგომი გათვალისწინებულია, მათ შორის, ელექტრომობილებისა და ავტობუსებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.