ბაღდათის მუნიციპალიტეტში მალე სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები სოფელ დიმში დღეიდან დაიწყო, საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო.
“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), საერთაშორისო ორგანიზაცია “პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt)” ფინანსური მხარდაჭერით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს “სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“.
რომლის ფარგელბშიც სოფელ დიმში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე ასაკის შშმ პირთათვის სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება”, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.
მათივე ცნობით, სოციალური ინკლუზიის ცენტრის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ცენტრის სივრცე აშენდება უნივერსალური დიზაინის მიდგომებით და დაცული იქნება შშმ პირთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის დადგენილი ყველა საკანონმდებლო ნორმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, სოციალური ინკლუზიის ცენტრი მოემსახურებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6–დან 18 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს გაუწევს.