დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკი მოეწყო. ამის
შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
განაცხადა. მისივე თქმით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული
ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.
“ულამაზესი პარკი გაშენდა 14 700 კვ.მ ფართობზე. გაკეთდა ყველაფერი,
ველობილიკებით, განათებით, სარწყავი სისტემითა და ატრაქციონებით.
ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა პარკში. რა თქმა უნდა, ეს
მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქს ძალიან ბევრ პარკს
ვაჩუქებთ”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი,
საბავშვო ზონა, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო
ბილიკები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი
სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებას და სხვადასხვა სახეობის 735
ძირი ხე-მცენარის დარგვას.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა და მისი ხარჯი 2 000
000 ლარს შეადგენს.