სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება დისკრიმინაციად მიიჩნია

393

ბოლნისის საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება. ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე წერს და საქმის ადვოკატებს მადლობას უხდის.

მისი ინფორმაციით, წელს ისევე, როგორც წინა წლებში, ჰუჯაბისა და მარნეულის ეპარქია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას 400 000 ლარის ოდენობით. სხვა რელიგიური ორგანიზაციები კი, მათ შორის, ისლამური ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ, საერთოდ არ იღებდნენ დაფინანსებას.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ამ საკითხზე სასამართლო დავა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, რასაც როგორც თამთა მიქელაძე აღნიშნავს, “დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ადგილობრივი ეპარქიის მხრიდან და იყო უპასუხისმგებლო კამპანია, თითქოს, ჩვენ ვასაჩივრებთ მარნეულის სოფლებში ჯვრების აღმართვას, რაც იმთავითვე ავხსენით, რომ დაუსაბუთებელი პროვოკაცია იყო სარჩელის და ჩვენს წინააღმდეგ”.

როგორც ის აღნიშნავს, ორგანიზაციის მიზანია, “საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის იხარჯებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებს და ჯგუფებს შორის იერარქიზებისგან და უთანასწორობისგან”.

სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება, რადგან მსგავსი პრობლემა ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტშია.

“როგორც იცით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა, საპატრიარქო სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების ისედაც მცირე ბიუჯეტებიდან ხშირად იღებს დამატებით დაფინანსებებს (წლიურად თვითმმართველობებიდან დაფინანსება 3-4 მილიონს აღწევს ხოლმე). ცხადია, რომ ამგვარ პრაქტიკას იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვროვენ დამატებითი სოციალური და კულტურული უსამართლობების კონტექსტი აქვს. ასე არის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც” – წერს ის.

droa.ge ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მას შემდეგ მოგაწვდით, რაც მოსარჩელე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება.