საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტებს, რასაც ადგილი აქვს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.
ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის” ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის” წარმომადგენლები დგანან და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.
ცესკოს განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა.
სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებში ვერ ხედავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ამით ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს.
საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ერთმანეთისგან განასხვავებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ორ ვერსიას: საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ სიას (ე.წ. სამაგიდო სიას) და სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. სამაგიდო სიაში, სიის საჯარო ვერსიისგან განსხვავებით, ამორჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნულია ამომრჩევლის პირადი ნომერი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის პერსონალურ ინფორმაციას. სამაგიდო სიებში ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის ხელმოწერა.
ცესკოს 2012 წლის დადგენილების თანახმად (N 42/2012 – ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 1.3), „კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.“
ამგვარად, ვინაიდან სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად – არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, განურჩევლად იმისა, მესამე პირთა ინტერესი ამ სიიდან პერსონალური ინფორმაციის ამოწერაა თუ არა. ამასთან, ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით, სიაში რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.
მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში (რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა.)
ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ:
- საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება.
- საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
ამასთან, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსი (2002), რომელშიც თავმოყრილია დემოკრატიული არჩევნების კარგი პრაქტიკის მაგალითები, ამბობს შემდეგს: ამომრჩეველთა სიები უნდა ქვეყნდებოდეს, თუმცა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა სია არ უნდა ქვეყნდებოდეს. აღნიშნული სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ მიიღო და ვინ არა მონაწილეობა არჩევნებში.
მოვუწოდებთ ცესკოს და ყველა შესაბამის სუბიექტს, იმოქმედოს საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყონ კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების შეწყვეტა.