პარლამენტმა ბათუმში მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟის წესებთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

328

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 73 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟს და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს და საცხოვრებელი პირობების შექმნას, ასევე, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კანონპროექტის განხილვებისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით და გამართული კონსულტაციების საფუძველზე ინიცირებულ კანონპროექტში ცვლილებები განხორციელდა. კანონპროექტში ახლებურად ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ნაცვლად მერის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იქნებიან ბათუმის საკრებულო და ბათუმის მერიის სათათბირო ორგანო – საბჭო.

ახალი რედაქციით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ახლით ჩანაცვლებისთვის ქალაქის მერს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება საკრებულოსთვის მიმართვის უფლება, თუ მერიის სათათბირო საბჭო გასცემს დადებით რეკომენდაციას პროექტის განხორციელებაზე, რის შემდეგ მერის გადაწყვეტილება მიემართება საკრებულოს და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ, საკრებულო მიიღებს.

„მთავარი შენიშვნა შეეხებოდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ შემოვიტანეთ ორმაგი ჩაკეტვის მექანიზმი. ამასთან, პირველი მოსმენისას წარმოდგენილი რედაქციისგან განსხვავებით, დაზუსტდა თუ რა განსხვავებული წესის დადგენის შესაძლებლობა და რომელი რეგულაციებისგან გადახვევა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მიღებულ ცვლილებებში გათვალისწინებული იქნა კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე გამოთქმული შენიშვნები და იმ მუხლებში, სადაც საუბარია, თუ რა ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ქალაქგეგმარება არ გაუარესდეს, დაემატა ისეთი კომპონენტები, რაც დააზღვევს ინფრასტრუქტურას და არ გამოიწვევს ურბანულ გაუარესებას.

დროებითი ღონისძიების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში:

• კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;

• განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;

• ავარიული შენობა-ნაგებობების (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით; დ) იმ ობიექტების დასრულების მიზნით, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.

პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებებს თვალისწინებდა ასევე კანონში: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, რომლის თანახმად, სახელმწიფო/მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისთვის შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ქონების ექსპროპრიაციის წესი. საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვებისას გამოითქვა მოსაზრებები, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის მნიშვნელოვანია ადეკვატური საჯარო ინტერესების არსებობა და თანაბარზომიერების პრინციპის დაცვა. საკითხის ინიციატორებმა გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინეს და შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში აისახა, ხოლო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

კანონპროექტით, დაზუსტა, რომ დროებითი ხელშეწყობითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართის არანაკლებ 10%-ის ოდენობა სასარგებლო ფართის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რაც გამოყენებული უნდა იქნას სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე.