გორის მერია: რეორგანიზაციის შემდეგ შემცირდება თუ არა შტატები არ ვიცით

417

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია ოფიციალურად 9 ივნისს გამოცხადდა. უწყების ინფორმაციით, რეორგანიზაცია 3 ეტაპად განხორციელდება. მერიაში არ იციან შემცირდება თუ არა შტატების რაოდენობა რეორგანიზაციის შემდეგ.

“დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს რეორგანიზაციის პირველი – დაგეგმვის ეტაპი. შესაბამისად, არ არის დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხა ან/და სამსახურების გაერთიანების გაყოფის/ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; არ გაგვაჩნია ინფორმაცია კადრების რაოდენობის შემცირებისა და რეორგანიზაციის ფისკალური შედეგების შესახებ”, – განმარტავს უწყება.

როგორც ცნობილია, რეორგანიზაციის პირველი ეტაპი არაუგვიანეს 9 ივლისამდე დასრულდება. შემდეგ კი, დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებას და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავებას.