ქუთაისში ჯომარდობის ხელშეწყობისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

312

ქუთაისში, ჯომარდობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ჯომარდობის გამშვები ბაზა ლესელიძის ქუჩაზე, მიმღები ბაზა კი – დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა. გამშვები ბაზა განკუთვნილია მდინარეზე საჯომარდო ნავების დაშვების დასაწყებად, ხოლო მიმღები ბაზა – დაშვების დასრულებისთვის.

შენობებში მიმღები სივრცე, მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის გასახდელი და საშხაპე, პერსონალის ოთახი, სველი წერტილები, ვერანდა მოეწყობა. პროექტი ფასადის მოპირკეთებას და შიდა სარემონტო სამუშაოებს, ასევე მდინარეში ჩასასვლელი ბეტონის ბილიკისა და ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს.

მერიის ცნობით, ჯომარდობის სპორტული ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობას საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა აფინანსებს და 1 844 097 ლარია განსაზღვრული.

სამუშაოებს შპს „ინჟმშენი 96“ ასრულებს. ჯომარდობის სპორტული ბაზის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.