თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
“სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა”, – განმარტავენ საკრებულოში.
სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
“გავხსენით ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა. ქუჩის სახელდების ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ფასდაუდებელია ფარაჯანოვის ღვაწლი ჩვენი კულტურის და კინოხელოვნების წინაშე.
სასიხარულოა, რომ ცნობილი რეჟისორის სახელს სწორედ ის ქუჩა ატარებს, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ.