რა ცვლილება ამოქმედდება სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ – თბილისის მერის განმარტება

476

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან დაკავშირებით შეცვლილ წესებზე ისაუბრა.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამშენებლო სამართალდამრღვევები, რომლებიც ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას, ახლად მიღებული კანონის საშუალებით, ამ წესს ვერ გაექცევიან.

„როგორც იცით, სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, მიდგომები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში არ იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც, რა თქმა უნდა, აფერხებდა აღსრულებას და შემდეგ მოქმედებების განხორციელებას. რა თქმა უნდა, მე ვიმუშავე ამასთან დაკავშირებით, მქონდა მთავრობის რამდენიმე სხდომაზე საუბარი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც მივიღე, მოგახსენებთ – შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და პარლამენტის ჩართულობით, დახმარებით კანონი იქნა მიღებული, საკრებულოშიც იქნა გატანილი და შესაბამისი რეგულაციებიც იქნა დაწესებული თუ როგორ მოქმედებს კანონი. პირველ რიგში, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილის საშუალებით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე განთავსდება ვებგვერდზე www.decisions.tbilisi.gov.ge-ზე.

სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთვიდან მე-7 დღეს, გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევად ჩაითვლება გაცნობილად. ამდენად ახალი წესებითა და მიდგომებით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი ანუ ის პრობლემა, რაც ჰქონდა მუნიციპალურ ინსპექციას და შესაბამის სამსახურებს, ამ კანონპროექტით მოგვარდება და მოწესრიგდება“, – განაცხადა კალაძემ.