გორის მერიამ სოხუმის ქუჩას სარეაბილიტაციოდ 220 000 ლარი გამოყო

326

ქალაქ გორში სოხუმის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამისათვის მერიამ 220 000 ლარი გამოყო.

ტენდერი 22 ივნისს გაიმართება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 2 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 210 მ სიგრძის გზა კაპიტალურად შეაკეთოს.

პროექტი 2022 წლის მარტში შეადგინეს. 7 ივნისს მოსულმა ნალექმა კი, ქუჩა მთლიანად წყლით დატბორა.

მოსახლეობა სანიაღვრე არხის შეცვლას ითხოვს. პროექტის მიხედვით კი, გათვალისწინებულია ტრასის აღდგენა, მიერთებების შეკეთება, პანდუსებისა და ტროტუარების მოწყობა, საგზაო ნიშნების დამონტაჟება.

“აღსანიშნავია, რომ საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას”, – აღნიშნავს პროექტის ავტორი.