თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკანალიზაციო ქსელის არარსებობის პირობებში, ვერცერთ ოჯახს ვერ მისცემენ თბილისის ზღვაზე მშენებლობის უფლებას, რადგან, ამ შემთხვევაში, შედეგი ზღვის დაბინძურება იქნება.
„კვლევებით, დადგენილია გარკვეული სანიტარული სივრცეები, სადაც არანაირი მშენებლობა რა არის დაშვებული. არის სივრცეები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობითაა განვითარება შესაძლებელი. თბილისის ზღვის ქაოტურად განაშენიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან ბევრი მიწის ფართობია, რომელიც კერძო საკუთრებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივცემთ განვითარების შესაძლებლობას, ოღონდ, მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. სწორად უნდა მოხდეს განვითარება – უნდა არსებობდეს საკანალიზაციო სისტემა. თუ ეს ყველაფერი არ არსებობს, ვერცერთ ოჯახს ვერ მივცემთ მშენებლობის შესაძლებლობას და შემდეგ, საკანალიზაციო ქსელის არარსებობის გამო, ყველაფერი თბილისის ზღვაში ჩაედინებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.