სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთი სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული იქ, სადაც მშენებლობა არ შეიძლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლის თქმით, სტიქიის ზონებში კვლავ მიმდინარეობს მშენებლობები, რაც თბილისის მერმა უარყო. მისი თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება 2017 წელს დასრულდა.
„შეგიძლიათ მიმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს და მიიღებთ ინფორმაციას თქვენ დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა ეს კონკრეტული ნიშნული საშიშ ზონაში, შესაბამისად, თუ ის კონკრეტული სივრცე საშიშ ზონაშია, მაშინ მზიურის პარკიც საშიშ ზონაში გამოდის. ამიტომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე. ჩვენ ქალაქის ქოტური განაშენიანება დავამთავრეთ 2017 წელს, როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში. მივიღეთ გენერალური გეგმა, ქალაქის განვითარება ხდება სწორად. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვეწინააღმდეგებით მშენებლობას, აღმშენებლობას, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად. ჩვენ წარსულ ჩავაბარეთ წლები როდესაც, აქ ძალიან ახლოს, ტერიტორია რომელიც მზიურის იყო გასხვისებული იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენ, დღეს ვზრუნავთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ტერიტორიები დაბრუნებული იყოს და შემოვუერთოთ მზიურს. უამრავი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც სტადიონების ნაცვლად კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობა. ჩვენი პოლიტიკა რა არის – პირიქით, სადაც სპორტული სივრცეები გვაქვს, სადაც რეკრეაციული სივრცეები გვაქვს, სადაც სკვერები გვაქვს, მოხდეს მისი განვითარება, რეაბილიტაცია, იმისთვის რომ ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.