თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის კანონი მკაცრდება

431

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას ისახავს მიზნად.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად აქვს ადგილი მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ გაჩეხის შემთხვევებს. ამიტომ, ჯარიმების გაზრდა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგულაციის მთავარი მიზანი – მწვანე ნარგავების დაცვა და მათზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების შემცირება.

მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება განმეორებით 1 000 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

„დედაქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანია ასევე ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის ფაქტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ ექსპერტებმა შეწყვიტონ საპროექტო წინადადებას მორგებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და უფლებამოსილი ორგანოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და პოტენციური სამართალდამრღვევებისათვის სიგნალი, რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები, რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა უფრო მკაცრი სანქციები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.