პარლამენტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და შენობაში არსებული ტექნიკური აღჭურვის გადაიარაღება იგეგმება

394

პარლამენტის აპარატი პარლამენტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას და შენობაში არსებული ტექნიკური აღჭურვის გადაიარაღებას გეგმავს.

ეს უკვე ასახულია პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტში, რომელზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. პარლამენტის 2023 წლის ჯამური ბიუჯეტის ოდენობა, პროექტით 60 მილიონ 906 ათასი ლარს შეადგენს.

“2022-2025 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით, პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლად განსაზღვრული იყო 65 მილიონი ლარი, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გასული წლების მსგავსად, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის მესამე დანართით გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს კოეფიციენტებთან პარლამენტის წევრების ხელფასების შესაბამისობაში მოყვანა მომავალ წელსაც არ იგეგმება, ფულადი რესურსი წარმოდგენილ პროექტში მიმართულია კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 2023 წლის ჯამური ბიუჯეტის ოდენობა, პროექტით 60 მილიონ 906 ათასი ლარია“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ.

მისივე განცხადებით, მატება არ არის დაფიქსირებული და არ მოხდება შრომის ანაზღაურების მუხლში. უცვლელი რჩება გრანტების ნაწილი, გაზრდას არ ითვალისწინებს არც სოციალური უზრუნველყოფის კომპონენტი.

4 მილიონამდე თანხის მატება არის გათვალისწინებული არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში, რითაც მსხვილი კაპიტალური ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი. პარლამენტის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გათვალისწინებულია პარლამენტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და შენობაში არსებული ტექნიკური აღჭურვის გადაიარაღება.

“ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის პროექტი ტენდერის საფუძველზე უკვე შევისყიდეთ და მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტის გარკვეული ნაწილი განვახორციელოთ. მომავალ წელს გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას“, – განაცხადა ქეთევან კვინიკაძემ.