დიდუბეში 34-ე, 35-ე და 36-ე უბნებთან, ასევე, ვაკეში 51-ე უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან და წინასწარ შედგენილ სიებში ინიშნავენ ამომრჩევლის მისვლას, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა ცესკო-ში ივანე ნორაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.
ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ ეს არის დარღვევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას როგორც ცესკო-ს, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.
„ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, 10-მდე უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლების უბნებზე იძულებით მიყვანის ფაქტი. კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები უბნებთან დგანან სიებით ხელში და ინიშნავენ ყველა იმ ადამიანის მისვლას, რომლებიც მათ სიაში წინასწარ ჰყავთ შეყვანილი. მათ აიძულებენ, ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ვითხოვთ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ რეაგირებას“, – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი