2025 წლის ბოლოსთვის, მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში, 1 მილიონ ადამიანზე მეტს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, 2030 წლის ბოლოსთვის კი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება, მიუხედავად არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტისა, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის, წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული.
მინისტრის ინფორმაციით, 3 მილიარდი ლარის მიმდინარე და უკვე დაწყებული საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, 182 მდებარეობაზე, დამატებით 585 ათასს ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. მათგან 200 ათასს ბენეფიციარს კი არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.
ქარსელაძის თქმით, 2022 წელს დამატებით 350 მილიონი ლარის პროექტები დაიწყება, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის – “განვადებით მშენებლობის ფარგლებში” განხორციელდება.
მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა ექნება.
“უკვე ზაფხულში, ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში 5000-ზე მეტ ბენეფიციარს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ეს სოფლებია: მუხრანთელეთში, წალასყურში, ახალწყალში, კუმისში, ზემო თელეთსა და ქვემო თელეთში. ასევე, 6 მუნიციპალიტეტში – ოზურგეთის, ახმეტის, სიღნაღის, წყალტუბოს, დუშეთის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში – 15 000-ზე მეტ ბენეფიციარს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება 2022 წლის განმავლობაში. წარმატებით მიმდინარეობს პროექტის დასკვნითი ნაწილი თელავში და 2022 წლის ბოლოს, 2023 წლის დასაწყისისთვის თელავის 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ხაშურის 260-მილიონიანი პროექტი, რომელსაც ისტორიულიც უწოდა. მისი თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომლის სატენდერო პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, 5 წლის განმავლობაში, 220 კმ მაგისტრალისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობაა გათვალისწინებული. ქარსელაძის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მინისტრის თქმით, ასევე, წარმატებით მიმდინარეობს პროექტები: ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე ზესტაფონში და მრავალ სხვა მდებარეობაზე. წელსვე იწყება ვანის, ბაღდათის, სამტრედიისა და სტეფანწმინდის წყალმომარაგების პროექტები, რომლებიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
,,იქ სადაც უპასუხისმგებლო კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებენ, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ასეთია მარნეული, ბოლნისი, ფოთი და ზოგიერთი სხვა მდებარეობა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ პროექტებზე იძულებულნი ვიყავით შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები თუმცა, პროექტების განვითარების დივერსიფიცირებული მიდგომით, მარნეულისა და ბოლნისის პროექტზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია. ანალოგიურ გეგმას ვავითარებთ ფოთის მიმართულებითაც“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
“ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში წარმატებით ავაშენეთ. ასევე, გუდაურსა და მარნეულში გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროცესი დაწყებულია და ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდის პროექტები უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა ქარსელაძემ.