თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს და დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე აცხადებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში განხორციელდება.
ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში გაივლის: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“.
ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
- ქ. თბილისში რეგისტრაცია;
- მინიმალური ასაკი 18 წელი;
თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.
პროგრამის კურსდამთავრებულებზე ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა.
პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 18-30 მაისი. სასწავლო პროცესი კი 6 ივნისიდან დაიწყება”, – განმარტავენ მერიაში.