თბილისის მერია: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება

395

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2 250 ლარს, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1 125 ლარს შეადგენს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:

90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათლით – სემესტრული თანხის 100% (1 125 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;

70-ზე მეტი – 90 ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის 100%, (1 125 ლარი) მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის;

ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.50 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტისთვის, ხოლო თანხის არაუმეტეს 50%, (562,50 ლარი) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის.

დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

· პირადი განცხადება;

· პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

· შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის – სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;

· ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

· თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა, (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 18 მაისიდან და გაგრძელდება 10 ივნისის ჩათვლით. მისამართი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7.

სტუდენტებს განცხადებების შემოტანა, ასევე, შეუძლიათ, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.