თეიმურაზ პირველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას 1 მილიონი მოხმარდება

376

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა მირიან მეფისა და თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. წვიმაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლა კი, გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს საბურთალოს რაიონის გამგეობა. მადლობა მას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „სკინჩი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი.