თბილისის საკრებულომ ავარიული შენობების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა

521

თბილისის საკრებულომ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა. პროექტისთვის წლევანდელი ბიუჯეტით 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ხოლო ახალი წესებით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლითაც ავარიული ნაგებობების ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

ავარიული შენობის ჩანაცვლება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას. ამის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანო.

“ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი;

ავარიული სახლის ადგილას ახალი შენობა-ნაგებობის აშენების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოახდინოს სართულებისა და გეგმარების ცვლილებები;

ავარიული სახლის ადგილას აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებულ პირს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული (ფაქტობრივი ანაზომის მიხედვით) ფართობის ტოლი ფართობი გარემონტებულ მდგომარეობაში. დასაშვებია ფართის ცდომილება გონივრულ ფარგლებში, რომელიც რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;

იმ შემთხვევაში, თუ ახალ შენობა-ნაგებობაში, მისი გეგმარებიდან გამომდინარე შეუძლებელია ზუსტად იმ ფართის გამოყოფა რა ფართსაც დაინტერესებული პირი ფლობდა ავარიულ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებულ პირს შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი ფართი იმ ოდენობამდე, რა ოდენობამდეც შეუძლებელია დამოუკიდებელი საკუთრების გაჩენა, ან შემცირებული ფართი არაუმეტეს 3 კვ.მ-ით, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებულ პირს არ წარმოეშობა რაიმე მოთხოვნის უფლება.

ავარიული სახლის ჩანაცვლების ფარგლებში, დაინტერესებულ მხარესა და პროექტის განმახორციელებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებისა და მას შემდეგ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის, ასევე, ვალდებულებებისა და უფლების რეგისტრაციის საფასურს ანაზღაურებს პროექტის განმახორციელებელი.

ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროექტის განმახორციელებელი “თბილისის განვითარების ფონდი” იქნება. უცნობია გაიზრდება თუ არა ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი.