პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

1113

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე.

პარტიათა შემოწირულობებში არსებულ დისბალანსთან ერთად, ანგარიშში ასევე შესწავლილია შემომწირველთა სტრუქტურა და გამარტივებულ შესყიდვებში მათი მონაწილეობის ფაქტები.

1 ივნისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმამთლიანობაში 10 319 998 ლარის ოდენობის შემოწირულობა მოიზიდეს, საიდანაც 8 274 776 ლარი (80%) 643 ფიზიკური პირის მიერ გაღებული თანხაა, ხოლო 2 044 143 ლარი – 32 იურიდიული პირის მიერ;

  • ამ თანხის უდიდესი ნაწილი 9 553 178 ლარი (93%) მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 609 969 ლარით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 48 261 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი” – 28 187 ლარი და ალექსანდრე ელისაშვილი – 20 241 ლარი;

  • „ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება 16-ჯერ აღემატება შემოწირულობით მეორე ადგილზე გასულ „ევროპული საქართველოს“ მაჩვენებელს და 12-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულებებზე;

  • ზემოთნახსენები 32 იურიდიული პირიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების” შემომწირველია და მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა გაიღო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ შემოწირულება 90 ლარის ოდენობით.

  • ყველაზე მსხვილი შემომწირველი 7 კომპანია იყო – თითოეულმა „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა  120 000 ლარი გაიღო. ეს კომპანიებია: შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “LION”, „თეგეტა მოტორსი“, „დეტი“, „პარტნიორი“ და „მეეკი“. აღსანიშნავია, რომ პირველმა სამმა კომპანიამ 2016 წელს ზუსტად იმავე ოდენობის თანხები შესწირა „ქართულ ოცნებას“. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიას „ტრანსპროექტი“, რომელმაც საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო, 2011 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ აქვს 100 000 ლარი შეწირული.

  • „ქართული ოცნების” 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 2 145 022 ლარი – ამავე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1 021 793 ლარი გაიღეს. ამ მხრივ ყველაზე საინტერსოა „თეგეტა მოტორსის“  და „ცეკურის“ შემთხვევები. საანგარიშო პერიოდში „თეგეტა მოტორსმა“ როგორც იურიდიულმა პირმა მმართველ პარტიას 120 000, ხოლო ამ კომპანიის მეწილემ ზაურ ცხადაძემ დამატებით 60 000 ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი ამ კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში მხოლოდ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის წესით დაახლოებით 1 500 000 ლარის საერთო ღირებულების 1 539 კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება კომპანია „ცეკურს“, მან „ქართული ოცნებისთვის“ 40 000 ლარი გაიღო და ამავე დროს 400 000 ლარის ღირებულების ერთი პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო;

  • რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 643 შემომწირველიდან 289 ადამიანი 818 იურიდიულ პირთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. ამ 818 იურიდიული პირიდან 70 არის ისეთი, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო;

  • ამ 70 კომპანიიდან 49 „ქართული ოცნების” შემომწირველ 55 ფიზიკურ პირთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულმა 55-მა ადამიანმა საანგარიშო პერიოდში მმართველ პარტიას მთლიანობაში 1 661 470 ლარი შესწირა, მათმა კომპანიებმა კი დაახლოებით 2 400 000 ლარის ღირებულების პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს;

  • „ქართული ოცნების” 31-მა შემომწირველმა იურიდიულმა პირმა და 49 კომპანიამ, რომლებიც შემომწირველ ფიზიკურ პირებთან იყვენენ დაკავშირებული მთლიანობაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 3 705 523 ლარი გაიღო;

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საანგარიშო პერიოდში შემოწირულების შემოწმების მიზნით 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესწავლაზე გააგზავნა მოთხოვნა, საიდანაც გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარა, რომელთაგან 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“. არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა;

  • სახელმწიფო აუდიტის სამასახურმა ვერ მოახერხა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მონაცემების პროაქტიულად და სრულად გამოქვეყნება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არ იძებნება დამოუკიდებელი კანდიდატებისა და რამდენიმე პარტიის შემოწირულება. იმედია, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად აუდიტის სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.

    იხილეთ დოკუმენტი სრულად