გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სააგენტოდან 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტოში ამბობენ, რომ ოპტიმიზაციის პროცესი აუდიტის დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყო.
“ოპტიმიზაცია ორგანიზაციის უფრო ეფექტურად მუშაობას ემსახურება და ეს პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში 56 ადამიანს ხელშეკრულება დაუმთავრდა. გარდა ამისა, გათავისუფლდა 12 თანამშრომელი და მათ კომპენსაცია მიიღეს”, – ამბობენ სააგენტოში.
ინფორმციისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის სააგენტოს ყოფილი მთავარი ბუღალტერი რამდენიმე კვირის წინ დააკავეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსასხურს ასევე დაწყებული აქვს გამოძიება ამავე სააგენტოში “ბიტკოინების საქმეზეც”.