ხუთწლიანი დაპირების შემდეგ, ქუთაისის ბულვარის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა

403

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის ხუთი წლის წინ დაანონსებული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება.

ბაღის რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა, რომელზეც წინადადების მიღება დღეს 5 მაისს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება (საპროექტო ხარჯთაღრიცხვა და შემდეგ რეაბილიტაცია) 13 500 000 ლარს შეადგენს, თუმცა, გამოცხადებული ტენდერის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 308 002 ლარია.

ტენდერის გზით გამარჯვებულმა კომპანიამ, ქალაქის ცენტრალური ბაღის და მის მიმდებარედ შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია 2018 წელს, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას დაპირება იყო. მერიას დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ჰქონდა მისი განხორციელების მცდელობა, სადაც ცენტრალური ბაღის დიზაინის შერჩევაზე საზოგადოებას უნდა ემსჯელა. მერიამ ბულვარის რენდერვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ, თუმცა, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.