თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ომის ვეტერანთა ტრადიციული შეკრება კიკვიძის პარკში გაიმართება.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია, ვეტერანთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ომის ვეტერანებს 600 ლარით დაეხმარება.
„ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც იცით, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლისთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. შესაბამისად, არსებული მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ იქ ეს შეხვედრა მოხდეს, ამიტომ შეხვედრის გამართვა კიკვიძის პარკში იქნება შესაძლებელი.
ასევე, ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდამჭერი პროგრამა და ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარებით. ეს შეიძლება დიდი თანხები არ იყოს, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა,“ – განაცხადა კალაძემ.