პრემიერი: მთავრობამ წყალტუბოს წყლები ინვესტორისგან 8 მილიონ დოლარად გამოისყიდა

547

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა. აღნიშნულის შესახებ  პრემიერმა იმერეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკება 2021 წლის დეკემბერში დასრულდა და მას სახელმწიფომ საკუთრების გადაცემისთვის 8 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ღარიბაშვილი, ასევე, ამბობს, რომ მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს “მომავლის წყალტუბო”.

„წყალტუბოს განვითარების გენგეგმაზე მუშაობა დასრულებილია, მეორე – მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე – წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე.

ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში. ჩვენ მაისში უკვე ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები და გვაქვს დიდი მოლოდინი, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

წყალტუბოს აღორძინების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 29 ოქტომბერს გასცა. მაშინ, ქალაქში ჩასულმა იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ” კურორტის ყველა მიტოვებულ სასტუმროსა და აბანოს გამოისყიდდა.

პროექტში 200 ადამიანი დასაქმდებოდა და გეგმის განხორციელების შემდეგ, ქალაქს ერთი მილიონი ტურისტი ეწვეოდა.