მიწის უფასო სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის სოფლები დამისამართდება

494

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში არსებული სოფლების 78% დამისამართებული არ არის. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საზღვრები და მასში არსებული ნაკვეთები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება. ამ საკითხების ირგვლივ, სააგენტომ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ბაჩო თორთლაძის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში, სოფლებში და სხვა დასახლებებში, ქუჩების დამისამართება მოქალაქეებს სახელმწიფო თუ სხვა სერვისების მიღებას ბევრად გაუმარტივებს. ქუჩების დანომრვის შემდეგ, მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა სახელები დაარქვან. მისივე ინფორმაციით, ელექტრონულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, ინფორმაცია ავტომატურად განახლდება და მოქალაქეებს მისამართის რეგისტრაცია ან ახალი პირადობის მოწმობის აღება არ დასჭირდებათ.

„მისამართების დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგში მოსახლეობას სასწრაფო–სამედიცინო, საბანკო თუ ნებისმიერი საჯარო სერვისი, რაც მათ დასჭირდებათ, მიიღონ საერთო ელექტრონული რუკის საშუალებით განსაზღვრულ მისამართებზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრები უკვე აღირიცხა და გადმოეგზავნა მუნიციპალიტეტს. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შენიშვნა საზღვრებთან დაკავშირებით. ზუსტი საზღვრების დადგენა მნიშვნელოვანია, რათა მაგალითად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფლის მოსახლე, რომელიც თავს თვლის ახალქალაქის მაცხოვრებლად, ერთ დღეს არ აღმოჩნდეს სხვა მუნიციპალიტეტის საზღვრებში. საჯარო რეესტრი აღრიცხავს მისამართებს, განსაზღვრავს ქუჩის დასაწყისს და დასასრულს და დანომრავს, ხოლო მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ქუჩის დასახელებას. დღეს დიდი პრობლემაა ქუჩების სახელდების მხრივ“,–აცხადებს ბაჩო თორთლაძე.

სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ისინი არ ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, შეძლებენ ნაკვეთის აღრიცხვას და დარეგისტრირებას.

„ადამიანები, რომლებიც წასული არიან ქვეყნიდან, იმისთვის, რომ კონკრეტული მიწა დარეგისტრირდეს ამ ადამიანის საკუთრებაში, აუცილებელია უბრალოდ მისი თანხმობა. როდესაც არსებობს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს ფორმალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხელმოწერით დაადასტუროს უბრალოდ, რომ ამ კონკრეტული ადამიანის სახელზე შესაძლებელია დარეგისტრირდეს ნაკვეთი. თუ პირს უდგინდება მიწის ნაკვეთის ფლობა და აკმაყოფილებს პირობებს, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, შეგვიძლია რომ მას ხუთ ჰექტრამდე ტერიტორია დავურეგისტრიროთ. ხუთ ჰექტარზე მეტი რომ ჰქონდეს ვერ დავარეგისტრირებთ. საჯარო რეესტრი ამ პროცესში იქნება მკაცრი და სამართლიანი“,–თქვეს მათ.

მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩასართავად წინასწარი განცხადების დაწერა ან უწყებასთან მიმართვა არ სჭირდებათ. ბაჩო თორთლაძის განმარტებით, ისინი უნდა დაელოდონ ამზომველებს, რომლებიც წინასწარ გაწერილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი გრაფიკით, თავად ავლენ კონკრეტულ ლოკაციებზე და გააკეთებენ ნახაზებს, რომელიც არის სრულიად უფასო.

„მოქალაქეები საკუთარ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ვერ იყენებენ ტურისტულ ან სასოფლო–სამეურნეო ბიზნესის განვითარებისთვის,  ვერ იყენებენ ასევე უზრუნველყოფის საგნად ან ყიდვა/გაყიდვის ობიექტად. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ქართულ ეკონომიკას დამატებით გაუჩნდება მნიშვნელოვანი საბრუნავი  კაპიტალი, ისევე როგორც, მრავალ ათას ადამიანს შეეძლება საკუთარი საკუთრების უფლება სრულყოფილად გამოიყენოს“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას იღებს, ადგილზევე შეუძლია შეაფასოს და ნახოს რა კონტურით დარეგისტრირდება მისი ნაკვეთი. მინიმალური იქნება იმის ცდომილება, რომ რაიმე არასწორად გაკეთდეს. ეს ყოველივე კი ოთხ დონიან ხარისხის გადამოწმებას გადის მანამდე, სანამ საბოლოოდ დარეგისტრირების ფაზამდე მივა.

ბაჩო თორთლაძის განცხადებით, აზომვებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მაღალი სიზუსტის ამზომველი ტექნიკა კი აქამდე არსებულ უზუსტობებს აღმოფხვრის.

„მოწყობილობები, რომლებიც აზომვისას გამოიყენება, მაქსიმუმ 10 სმ ცდომილებას იძლევა, რაც საშუალებას აძლევს სააგენტოს, რომ პრაქტიკულად უზუსტესი მონაცემები აღრიცხოს. ქვეყანაში სოფლების და დაბების დამისამართების ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. მთელს საქართველოში, სოფლების და დაბების 70% დასამისამართებელია. ხშირ შემთხვევაში ეს გამოწვეული იყო იყო რესურსების სიმცირით და სხვა ფაქტორებით. ეს პრობლემა სათავეს იღებს იქიდანაც, რომ მუნიციპალიტეტების საზღვრები დღეს არ არის დადგენილი. საჯარო რეესტრის სააგენტო იწყებს ხაზვას ამ საზღვრების, რომელიც შემდეგ გადაიგზავნება მუნიციპალიტეტებში, რათა თუ რაიმე შენიშვნა არსებობს დაზუსტდეს. ამ მონაცემების საბოლოო ვერსია გადაეგზავნება მთავრობას დასამტკიცებლად.

არსებობს მუნიციპალიტეტების საზღვრების საბჭოთა დროის რუკები, რომლებიც არ არის აბსოლუტური სიზუსტის და აქვს არა 10 სმ ცდომილება, არამედ 100 მეტრის სხვაობა. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს შორის არის ტერიტორიები, რომლებიც არავის არ ეკუთვნის და ფაქტიურად ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. ეს ტერიტორიები დაიფარება და მიუერთდება იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მას ესაზღვრება“,–განმარტავს იგი.

აზომილ ნაკვეთებზე ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე ქვეყნდება, რომელიც ასევე გამოიკვრება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ნებისმიერ აზომილ ნაკვეთზე, თუ მოქალაქეს ან მუნიციპალიტეტს აქვს განსხვავებული აზრი, ერთი თვის განმავლობაში შეუძლია დააფიქსირონ პოზიცია წერილობით. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო გადის და ხელახლა ზომავს ნაკვეთს. თუ არ დაფიქსირდა განსხვავებული პოზიცია, ერთი თვის თავზე იწყება რეგისტრაციის პროცედურები.

რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე, 170 მაღალი გამავლობის მანქანით, 235–მდე საამზომველო მოწყობილობის გამოყენებით, პროექტში ჩართული 465 მიწის ამზომველი და 500–მდე რეგისტრატორი სრულად აღწერს დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. პროცესში ჩართულია გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ბევრი უწყება. აზომვითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში პირველი მარტიდან შევიდა. განაწილებული არის მუნიციპალიტეტების მიხედვით საამზომველო ჯგუფები და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მომავალი სამი წლის განმავლობაში, სააგენტო 59 მუნიციპალიტეტში აზომავს და დაარეგისტრირებს მილიონ 200 ათასი ჰექტრის მოცულობის მიწის ნაკვეთს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო უკვე განსაზღვრულია.

•    რეგისტრირებული ფართობის სიმცირე;

•    დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა;

•    მოსახლეობის რაოდენობა;

•    გეოგრაფიული მდებარეობა;

•    კლიმატური პირობები;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

•    მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;

•    უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

•    გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

•    სანოტარო მედიაცია;

•    მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

•    ფაქტების კონსტატაცია;

•    მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;

•    მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.