20 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრი გაიხსნება

671

20 ოქტომბერს, 13 საათზე, გაიხსნება არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო მედია ცენტრი, სადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მედიას არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს გააცნობს. არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს გაიმართება 20, ხოლო 22 ოქტომბერს – 6 ბრიფინგი.

მედიაცენტრში, რომელიც ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით იმუშავებს, არჩევნებზე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “მრავალეროვანი საქართველო”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების 1100 დამკვირვებელი არჩევნების პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდება. 350 დამკვირვებელი იქნება თბილისში შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ უბნებზე. არჩევნების დღეს იმუშავებს 74 მობილური ჯგუფი და 73 საოლქო კომისიის დამკვირვებელი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია 500-ზე მეტი დამკვირვებლის შემადგენლობით არჩევნებს დააკვირდება თბილისსა და 9 რეგიონში – სრულად დაფარული იქნება 44 საარჩევნო ოლქი. საიას ეყოლება დამკვირვებელი 300 უბანზე, 82 ოლქის დამკვირვებელი და 68 მობილური ჯგუფი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს 250-კაციანი სადამკვირვებლო მისია თბილისის ყველა საარჩევნო ოლქში იქნება წარმოდგენილი. არჩევნების დღეს ორგანიზაციის 200 სტაციონალური დამკვირვებელი და 16 მობილური ჯგუფი ეყოლება თბილისის საარჩევნო უბნებზე.

მრავალეროვანი საქართველო 515 მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიით არჩევნების პროცესს ოთხი რეგიონის 13 საარჩევნო ოლქში – სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში დააკვირდება. ორგანიზაცია სრულად დაფარავს რუსთავს, მარნეულს, გორს, ახალციხესა და ახალქალაქს. დანარჩენ ოლქებში იქნებიან უბნის დამკვირვებლები. არჩევნების დღეს მრავალეროვანი საქართველოს 72 მობილური ჯგუფი იმუშავებს.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის 100-კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი სრულად დაფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. ასევე, არჩევნებს დააკვირდება იმ უბნებზე, სადაც სპეციალური სიით მიმაგრებულები არიან მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციისგან განსხვავებულ მისამართზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდებიან ორ რეგიონში: კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მინიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და შიდა ქართლის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.