წინასაარჩევნო კამპანია ძველი დაპირებებითა და პრობლემებით ფოთში

1347

ფოთში რეგისტრირებული მერობის 7 და საკრებულოს მაჟორიტარობის 52 კანდიდატის საარჩევნო კამპანია ფინიშს მიუახლოვდა.

კანდიდატები აქტიურად ხვდებოდნენ სხვადასხვა უბნის მოსახლეობას. ისმენდნენ პრობლემებს, რომელიც, პრაქტიკულად, ყველგან ანალოგიურია და არაფრით განსხვავებული წინა საარჩევნო წლებისგან – უმუშევრობა, სიდუხჭირე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.

„დაპირებები არ იყოს! სამუშაო არა გვაქვს, დენს მოუმატეს, გაზს მოუმატეს, ბაზარი დაწვეს, ტყე დაწვეს, ყველაფერი დაწვეს…180 ლარით პენსიონერმა რა უნდა გავაკეთო – კომუნალურები გადავიხადო, თუ საჭმელი ვჭამო?! კალაძეს და კვირიკაშვილს უნდა ვუთხრა, ეს ფული თვიდან თვემდე თუ ეყოფა”- განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კანდიდატთან შეხვედრისას.

კანდიდატები კი მათ ესაუბრებოდნენ სტადიონზე, სანაპიროს კეთილმოწყობაზე, უნივერსიტეტის გახსნაზე, აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, ფაბრიკებისა და ქარხნების გახსნაზე. დაპირებები რეალურ პრობლემებს ხშირ შემთხვევაში აცდენილი იყო და  არაფრით განსხვავებული იყო წინა არჩევნებისაგან, როცა ასევე თანამედროვე და მაღალი დონის, უეფას სტანდარტის სტადიონის მშენებლობას ჰპირდებოდნენ ფოთელებს, თუმცა, 5-მილიონიანი პროექტი შეჩერდა, მშენებელი კომპანიის დირექტორი ნახევარმილიონიანი გაფლანგვისთვის დაკავებულია, ხოლო არსებული სტადიონი დანგრეულია. ახლა “ქართული ოცნება” დაპირებას თავიდან დებს.

ორიგინალური დაპირებებით გამოირჩეოდა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” კანდიდატი ოთარ ხარჩილავა, რომელმაც მერიაში სხვადასხვა თანამდებობები შესთავაზა ფოთელ ახალგაზრდებს. “აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდისთვის იღება ფართოდ კარები. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით, მე მათ ვთავაზობ, როგორც ვიცე-მერების, ისე სამსახურის უფროსების თანამდებობებს”,- განაცხადა მან მოსახლეობასთან შეხვედრისას, თუმცა, მისთვის არავის უკითხავს, რამდენი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი მერიაში და არის თუ არა ეს უმუშევრობის მოგვარების გზა.

მისი აზრით, ქალაქს სჭირდება “მეპატრონეები და საქმის მკეთებლები, რომლებიც ადეკვატურად იმოქმედებენ ხალხის საკეთილდღეოდ” და ასეთი „საქმის მკეთებელი პატრიონი“ თავად იქნება.

“სამარცხვინო გვჭირს, როცა ქალაქი დგას წყალში და საცურაო აუზიც კი არა გვაქვს” – განაცხადა მან მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 

ოთარ ხარჩილავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრი, ხოლო შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ის თანამდებობაზე სულ 3 თვე იყო და, მისივე თქმით, მას იმპიჩმენტი საკრებულომ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირების გამო მოუწყო.

ოთარ ხარჩილავა 2007 წელს გასამართლებულია ნარკოტიკების მოხმარებისთვის, მას დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 2010 წელს, ის ხელმეორედაა გასამართლებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე. ის საპროცესო გარიგებით დაკისრებული 50 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

2013 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით, მას მოეხსნა ნასამართლეობა. თავად ხარჩილავა მისი დაკავებების ფაქტს სააკაშვილის პერიოდში მამამისის – ბიზნესმენ გიზო ხარჩილავას დევნას უკავშირებს.

„ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მაკა ჯინჯოლია, რომელიც სკოლის დირექტორია, მოსახლეობას დასაქმების პრობლემის გადაჭრას და ფოთში ევროპის რომლიმე წამყვანი უნივერსიტეტის ფილიალის აშენებას ჰპირდება. ის ფოთის პოლიტიკაში ახალი სახეა და ადრე ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ყოფილა.

„ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე ქალაქის აშენებას “ახლობლების დახმარებით” გეგმავს. “შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მე მყავს რამდენიმე ინვესტორი – ჩემი ახლობლები, რომლებიც არიან ქალაქების აშენებით და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციით დაკავებულები, რომლებიც არიან მზად, არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საქმეში დაგვეხმარონ, არამედ სხვა საინვესტიციო პროექტები განახორციელონ”. – განაცხადა “პირველი არხის” ეთერში ვახტანგ დარცმელიძემ.

დარცმელიძე ფოთში მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ყველაფრის შეცვლის დაპირებას დებს. ”პირველ რიგში, პირდაპირ ვიტყვი, ეკა ბესელიას მიერ დათესილი კორუფცია, ნეპოტიზმი და კლანური მმართველობა. შემდეგი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არის მიტოვებული, გაჩერებული და ნაგავსაყრელად ქცეული. მაგალითად, ფოთის კოლხეთის სტადიონი, კინოთეატრი და ბევრი სხვა ობიექტი”- განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დარცმელიძე 2006-2010 წლებში ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი იყო, 2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საკრებულოსა და მმართველ პარტიაში მისი ყოფნის პერიოდში, ანალოგიური პრობლემები ჰქონდა ფოთს – ასევე არსებობდა ნეპოტიზმით დანიშვნები, უსამართლო პრემია-დანამატები, გაყალბებული არჩევნები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და მედიაზე ზეწოლის ფაქტები, რაზეც ადგილობრივი მედია არაერთხელ წერდა. იმჟამინდელი ფოთის ინფრასტრუქტურა კი ისევე მოუწესრიგებელი იყო, როგორც დღეს და ანალოგიურად იტბორებოდა ქალაქი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა გობეჩია ფოთის მთავარ პრობლემად ზუგდიდზე დამოკიდებულებაში მიიჩნევს, წინა ხელისუფლების კორუფციაზე საუბრობს და მისი აზრით, „ზუგდიდს უნდა ჩამოვაცილოთ ფოთი“.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი და ფოთის საკრებულოს ბოლო მოწვევის წევრი “ქართული ოცნებიდან”, მაია ჩხარტიშვილი ერთობ ხმაურიანად ჩაერთო მერობისთვის ბრძოლაში. მან კანდიდატად დარეგისტრირებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა “ქართული ოცნება” და „პატრიოტების“ კანდიდატად წარმოგვიდგა. მან ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია კორუფციაში მონაწილეობასა და “ატკატების” აღებაში ღიად დაადანაშაულა, თუმცა, მმართველი პარტიიდან მის განცხადებას არავინ გამოხმაურებია. ჩხარტიშვილის გადაწყვეტილება პარტიის დატოვებისა და სხვა პარტიიდან კენჭისყრის შესახებ კი იმაზე მიუთითებს, რომ მან პოლიტსაბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

მაია ჩხარტიშვილი ფარულ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს.

ჩხარტიშვილი, მისი თანაპარტიელისა და საკრებულოს წევრის, მალხაზ ბუკიას დაკავებას სწორედ მასზე ზეწოლად განიხილავს. ბუკია, ჩხარტიშვლის კანდიდატად რეგისტრაციის წინა დღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

მაია ჩხარტიშვილმა სახელისუფებო კანდიდატი გოჩა კურდღელია ღია დებატებში გამოიწვია, თუმცა, კურდღელიას გამოწვევაზე არ უპასუხია.

თავად “ქართული ოცნების” კანდიდატი გოჩა კურდღელია, მას შემდეგ, რაც მისი რამდენიმე შეხვედრის ჩანაწერი ინტერნეტგამოცემა TSpress-მა გაავრცელა, სადაც ის აგიტატორების როლის გაძლიერებაზე, ცენტრის მორჩილებასა და ცენტრის მიერ არჩევნების შედეგების პროპორციულად რეგიონების დაფინანსებაზე საუბრობს, ის, ფაქტობრივად, აღარ ლაპარაკობს. მან, თითქმის ერთი კვირაა, მოსახლეობასთან შეხვედრები საერთოდ შეწყვიტა.

“ქართული ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია, 2006-2010 წლებში საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით იყო, თუმცა, ამ წლების მანძილზე, მედიაში არც ერთი მისი აქტივობა არ იძებნება. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი იყო. მან იმჟამინდელ მმართველ პარტიას 10 ათასი ლარი შეწირა. გასული წლის სექტემბერში კი 60 ათასი ჩაურიცხა ამჟამინდელ მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“.

“ქართული ოცნების” პარტიული სიის პირველი ნომერი ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულიაა. ის, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი თანაგუნდელის მიერ “კორუმპირებულადაა” შერაცხული, მმართველი პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე, ჯერჯერობით, უალტერნატივო კანდიდატია. კაკულიას პერიოდში ფოთში დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ დასრულდა. მაგალითად, სტადიონი, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა და კანალიზაცია – სამივე პროექტი შეჩერებულია, ხოლო ფოთის ქუჩები კვლავ სავალალო მდგომარეობაშია.

როგორი იქნება არჩევნების შედეგები და ვის ანდობენ ქალაქის განვითარებას ფოთელები, ამას არჩევნების დასრულებისთანავე შევიტყობთ. ფაქტი ერთია, რომ წლების განმავლობაში ამ ქალაქში დაგროვილი პრობლემების მოგვარება პოლიტიკოსებს უმეტესად მხოლოდ წინასაარჩევნოდ და ისიც მხოლოდ დაპირების დონეზე ახსენდებათ.