წინასაარჩევნო გარემო და კანონდარღვევის ფაქტები კახეთში – რა დააფიქსირეს დამკვირვებლებმა და პარტიებმა

725

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა, სხვა რეგიონების მსგავსად, კახეთშიც მატულობს. თუ აქამდე წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდნენ. გარკვეულ დარღვევებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც მიუთითებენ, თუმცა, განსაკუთრებულად დაძაბულ ვითარებად წინასაარჩევნო პერიოდს არ განიხილავენ. Droa.ge-მ ოპოზიციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს მოუყარა თავი.

როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის 14 წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის იყო ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯონი ამისულაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული 14 პირი 11 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა, მათ მიმართ საქმე არ შეწყვეტილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სასამართლო არჩევნებამდე აღარ იმსჯელებს იმაზე, ჩაიდინეს თუ არა ამ პირებმა წვრილმანი ხულიგნობა და გაუწიეს თუ არა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ პოლიციამ ვერ მოასწრო მოძიებული კადრების შესწავლა, რომ სასამართლოს მტკიცებულებებად წარუდგინოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდგომი პროცესი 27 ოქტომბერს გაიმართება.

“ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი აცხადებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ ოფისს მუდმივად უთვალთვალებენ.

„ 10 ოქტომბერს ჩვენი ოფისის წინ სპეცსამსახურის რამდენიმე მანქანა იდგა და გვითვალთვალებდა, როდის გავიდოდით აქედან. როდესაც სოციალურ ქსელში განცხადება გავაკეთე, „ყარაული“ მალევე მოიხსნა. ასე გრძელდება მუდმივად. საბოლოო ჯამში, ეს არის აგონია, რომელსაც ძალიან მალე დაამთავრებს ჩვენი პარტია- „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვინარჩუნებთ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს,“ – განაცხადა ბუწაშვილმა.

ზეწოლაზე საუბრობს საარჩევნო ბლოკის – „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”  თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილიც. მისი თქმით, ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარ კანდიდატზე – ნოდარ ეჟიშვილზე მუქარა იარაღის გამოყენებით განახორციელეს. დეპუტატობის კანდიდატი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულ სამმართველოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად დაკითხეს.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც დამემუქრა, არც ის ვიცი,  ვინ გამოგზავნა. გავიგონე, რომ პარტიის მისამართით იგინებოდა. როდესაც შევეკითხე, მე მელაპარაკებოდა თუ არა, მანქანიდან იარაღი ამოიღო და შორი მანძილიდან დამიმიზნა, თან დააყოლა, ამას დაელაპარაკებით „ევროპელებიო”. პიროვნება დააკავეს და არც უარყვია აღნიშნული საქციელი. დანარჩენს დაწვრილებით სამართალდამცავი უწყება გაარკვევს,  მეც მოუთმენლად ველი საქმის დეტალების გაგებას”, – განაცხადა ეჟიშვილმა.

დაზარალებულმა ავტომობილის სერიისა და ნომრის ამოცნობა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე – მუქარის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობითვე, პირი, რომელიც ეჟიშვილს დაემუქრა, სამართალდამცველებმა ინცინდენტიდან 15 წუთში გააჩერეს. მას პირადი ჩხრეკისას, „პლასტმასის სათამაშო იარაღი“ აღმოაჩნდა.

აღნიშული საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ 12 ოქტომბერს განიხილა და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე განხორციელებული მუქარისთვის ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზიაციებიც. „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგად მომზადდა, ეჟიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გარდა, ზეწოლის სხვა ფაქტებიცაა შესული.

ლეიბორისტული პარტიის თელავის მერობის კანდიდატმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა, N17 თელავის საოლქო კომისიის მიმდებარედ  ბირიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძეს პროცედურულ საკთხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, პასუხად აგრესია მიიღო.

„კალმახელიძემ ვარდოშივილისგან მოითხოვა კომისიის შენობის სასწრაფოდ დატოვება და იგივე მოუწოდა მის მომხრეებსაც. ვარდოშივილი კვლავ ითხოვდა პასუხს, რა დროსაც კალმახელძემ ტელეფონით საპატრულო პოლიციაში დარეკა. განაცხადა, რომ საოლქო კომისიაში შეიჭრნენ არაუფლებამოსილი პირები და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება პოლიციისგან. დარეკვის მომენტშივე, ვარდოშივლმა აღნიშნა, რომ იგი შენობას ტოვებდა. კალმახელძე მოითხოვდა პირადობის მოწმობის წარდგენას, რათა შეედგინა ოქმი, რაზეც ვარდოშვილმა განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია და საბუთებს მხოლოდ პოლიციას წარუდგენდა.“- ნათქვამია ანგარიშში.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ ნიკა ვარდოშილის ქმედება არამართლოზმიერად მიიჩნია და ის 500 ლარით დააჯარიმა.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი განვითარებულ მოვლენებს  პირადად აკვირდებოდა. ორგანიზიაცია მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარის დამოკიდებულება მერობის კანდიდატის მიმართ აგრესიული იყო, ხოლო მის მიერ პოლიციის გამოძახება არაპროპორციული, რადგან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. „უნდა აღინიშნოს, რომ თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კალმახელიძე გამოირჩევა არაკონსტრუქციული დამოკიდებულებით, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე დამკვირვებლების მიმართაც“, – წერს ორგანიზაცია საკუთარ ანგარიშში.

ზეწოლის სავარაუდო ფაქტი მოხდა ახმეტაშიც. „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, „ქრისტიან-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზემო ხოდაშენში, რამაზ ფიცხელაურმა კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნის ბოლო ვადის წინა დღეს უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ჯირაულის თქმით, მან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ მისი „ოჯახის ინტერესებს“ საფრთხე ექმნებოდა.

დარღვევები დააფიქსირეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმაც. როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში პარტიული შეხვედრებისთვის იბარებენ ბაღების და სკოლების პედაგოგებს და ავალდებულებენ მმართველი პარტიის კანდიდატების შეხვედრებზე დასწრებას. პედაგოგებს სთხოვენ, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებზე დამატებით კიდევ ერთი ადამიანი („მხარდამჭერი“) მიიყვანონ. ერთ-ერთმა ბაღის პედაგოგმა საიას დამკვირვებელთან საუბარში განმარტა, რომ ეს ვალდებულება დაკისრებული აქვს ყველა პედაგოგს და ბაღის აღმზრდელს, თუმცა, პედაგოგებს ამ ფაქტებზე ღიად საუბარი არ სურთ. საიას დამკვირვებელი თავად შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ ეძებდა ერთ-ერთი ბაღის პედაგოგი ადამიანს, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის, ზურაბ ლილუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანდა. დამკვირვებლის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება ახმეტაშიც.

სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლების ერთი ფაქტი დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი დედოფლისწყაროს სოფელ ქვემო ქედში, ავთო ხარხელაური წლების მანძილზე მუშაობდა გაერთიანებული რეგიონული ჯანდაცვის დედოფლისწყაროს ფილიალის საავადმყოფოს მორიგე ქირურგად. 27 სექტემბერს ხარხელაურმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ გაერთიანებული რეგიონული ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ აიძულა, პირადი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. ხარხელაური აცხადებს, რომ 10 სექტემბერს მან თანამდებობა ზეწოლის შედეგად პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ნუგზარ ბოლქვაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ხოლო დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმი ხათუნა აგლაძე აცხადებს, რომ მითითებულ რიცხვებში იმყოფებოდა შვებულებაში და სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებია.

„სამართლიანი არჩევნები“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველისა და მოქალაქის ფიზიკურ დაპირისპირებაზეც წერს. როგორც ბოტკოველი ორგანიზაციის დამკვირვებელს მოუყვა, 16 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 4 საათისთვის, იგი თელავში, ნაფარეულის ქუჩაზე, მოსახლეობას ხვდებოდა. ერთ-ერთი მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ხელისუფლების მისამართით, უხარისხოდ დაგებული ასფალტის გამო. ბოტკოველი დაინტერესდა დეტალებით და იქვე მყოფ თელავის ტელევიზია „თანამგზავრის“ ჟურნალისტს, სთხოვა გადაეღო როგორ უხარისხოდ იყო შესრულებული გზის საფარის სამუშაოები. ამ ფაქტმა გააღიზიანა იქვე მყოფი სხვა მოქალაქე, რომელიც თავად მონაწილეობდა გზის მოასფალტების სამუშაოებში. მან ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი ბოტკოველს. კონფლიქტი დაახლოებით 10 წუთში ამოიწურა.

გიორგი ბოტკოველი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან მომხდარი ფაქტის სხვა დეტალებზე არ საუბრობს და უარს აცხადებს იმ პირის დასახელებაზე, ვინც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ორგანიზაციის მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა, ასევე, სოფელ ჩუმლაყში სააგიტაციო პლაკატების დაზიანების ფაქტიც. „12 ოქტომბერს, სოფელ ჩუმლაყში თბილისი-თელავის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა დააფიქსირეს მასიურად დაზიანებული მათი პარტიის სააგიტაციო პლაკატები. 13 ოქტომბერს, იმავე სოფელში „ევროპული საქართველოს“ პლაკატებზე გადააკრეს „ქართული ოცნების“ სააგიტაციო პლაკატები. ფაქტს შეესწრო „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი, არჩილ ხუცოშვილი, რომელმაც ოთხი სამართალდამრღვევიდან ორი პირი – ველტა ჩაკვეტაძე და შორენა მაზანიშვილი ამოიცნო. არჩილ ხუცოშვილის თქმით, აღნიშნულმა პირებმა უთხრეს, რომ პლაკატების ჩამოხევის შესახებ მითითება ხელმძღვანელებისგან ჰქონდათ მიღებული და სადაც უნდა, იქ ეჩივლა, მათ არ ადარდებდათ, რადგან პასუხს არავინ მოსთხოვდათ.

„ქართული ოცნების“ შტაბში, პარტიის გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა და შტაბის შეხვედრების კოორდინატორმა, კოტე ბერიძიშვილმა კატეგორიულად უარყვეს აქტივისტებისთვის ამგვარი მითითების მიცემის შესახებ და განაცხადეს, რომ შემთხვევას გამოიკვლევენ და დამნაშავეს პასუხს მოსთხოვენ“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ანალოგიური დარღვევა დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანშიც, სადაც „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, გოგა პეტრუზაშვილის სააგიტაციო პლაკატებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, არჩილ ხანდამაშვილის პლაკატებია გადაკრული.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში მმართველი პარტიის ჩარევაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. ამ არჩევნებისთვისაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ წინასწარი სიები იმ კანდიდატებისა, რომლებიც „ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობის გამო უნდა დანიშნულიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ კუთხით ყველაზე საყურადღებო იყო თელავში მომხდარი შემთხვევა. 4 სექტემბერს 12:00 საათზე თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც საუბნო კომისიის 323 წევრი დაამტკიცეს. იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც წარმოადგინა პირთა სია, რომელიც, მისი განცხადებით, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნებისგან“ ჰქონდა გადაცემული და კომისია სწორედ მათ დაამტკიცებდა წევრებად. ჩვენ შევადარეთ ბოტკოველის მიერ გასაჯაროებული სია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ წევრთა სიას და აღმოჩნდა, რომ ეს სიები სრულად დაემთხვა ერთმანეთს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის შიგნით მიიღება“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორ დღეში, 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. როგორი იქნება თავად კენჭისყრის დღე, ამის პროგნოზირება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. პოლიტიკური პარტიები, როგორც თავად ამბობენ, ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. საარჩევნო პროცესს კი მონიტორინგს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად გაუწევენ.