ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, იქ ცხოვრება გაუსაძლისია. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. როგორც ისინი აცხადებენ, 6 თვის წინ მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
100-მდე პირი გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს.
„სამი წელია ერთდაიგივე მოთხოვნა გვაქვს და მთავრობა არ ასრულებს იმასაც, რასაც დაგვპირდა. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა და განაცხადა ჩვენთან შეხვედრის დროს, დააკმაყოფილეთ ეს ხალხიო. გავიდა მას შემდეგ 6 თვე და ჯერ არაფერი შეცვლილა. სპილენძის კონცენტრანტები ჩვენს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, დახლოებით 30 მეტრში ყრია. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა აქციის მონაწილე ვეფხვია გულედანმა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა დღეს მათ სხვა პირობა წამოაყენეს და კომპენსაცია მოითხოვეს. მერის, ბექა ვაჭარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ მოთხოვნას ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემენ, რადგან მისი მოგვარება მუნიციპლიტეტის ძალებს აღემატება.