გურჯაანში „განახლებული რეგიონებით“ დაფინანსებული პროექტები სრულდება

362

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა გურჯაანში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 21 შენობისა და ეგრეთ წოდებული „პაპას ბაღის“ და „ბებოს ბაღის“ რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიონი ლარი შეადგინა. პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება შენობების გათბობის ხარჯებზე. ჩატარდა ქუჩების ტროტუარების, განათების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებიც. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

,,განახლებული რეგიონების 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში და გურჯაანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.