ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
წინადადებების მიღება 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. გზის შეკეთების სამუშაოებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა, საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 000 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ანგისიდან დაბა ხელვაჩაურამდე გზის მონაკვეთს.
პირობის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა არ უნდა შეფერხდეს, ამიტომ სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, შემდეგ კი პირიქით.
პროექტის მიხედვით, გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ორი ხიდური გადასასვლელის დემონტაჟი და ახლის მოწყობაა საჭირო, რადგან ისინი არ შეესაბამება საპროექტო გზის პარამეტრებს.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი საჭიროებს ხელახლა მოწყობას, გასაზრდელია სანიაღვრე ჭების საერთო რაოდენობა, მოსაწყობია ახალი სანიაღვრე მილები სათანადო დიამეტრებით; ასევე, უნდა მოეწყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტროტუარები, შუქნიშნები.