ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პანდემიამდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა პროგრამა „თბილისის ცის ქვეშ“. აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ვიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.
„ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ პროექტის განხორციელება მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომლის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება კონცერტების ჩატარების თარიღები და ადგილმდებარეობა.
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.