გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ავტოფარეხების დემონტაჟსა და მის ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ავტოფარეხის მეპატრონემ დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
“მესამე მიკროს N12-13-13ა კორპუსების ირგვლივ, დაახლოებით, 30 ავტოფარეხია აშენებული, რომელიც მთლიანად ითვისებს ეზოს და სკვერის მოწყობის საშუალებას არ გვაძლევს. მოსახლეობის მხრიდან გვქონდა არაერთი მომართვა რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესახებ, ავტოფარეხები კი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია როგორც მოსახლეობასთან ასევე, მეპატრონეებთან და დღეს უკვე დაიწყო რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც გვინდა მათ მადლობა გადავუხადოთ“, – განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ რეკრეაციული სივრცე და საპარკინგე ზონა მოეწყობა.