16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება, რომელიც მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა, მოძრაობის განტვირთვის მიზნითაა განპირობებული“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.
ამასთანავე, ცვლილება უკვე არსებული ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზეც ხორციელდება. კერძოდ, დაგრძელდა 6 მარშრუტი, ასევე 6 მარშრუტზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა იცვლება და ინტერვალები მცირდება.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს – ინტერვალი 20 მარშრუტზე მცირდება, ხოლო ორს მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები განესაზღვრება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციითვე, შალვა ოგბაიძემ სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ახალი პროექტი – „უსაფრთხო გზა სახლიდან სკოლამდე’’ დაანონსა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების ჩართულობით ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. სასკოლო ზონა უნდა შეიქმნას, რაც მოსწავლეების საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ნიშნებით ინფორმირებას, ასევე ზებრასა და შემანელებლების მოწყობას გულისხმობს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.