საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარმა ბუღალტერმა ლ.წ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2020 წლის 21 იანვრიდან, 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 143 985,13 ლარი, რაც გამოიყენა აზარტულ თამაშებში. აღნიშნულით გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი”,- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული აღიარებს და ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების, ასევე, მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით.