თბილისში როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

289

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის ნაწილზე, მირიან მეფისა და ჭაშნაგირის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, ხოლო, 6 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.

„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მოწესრიგდა დავარის, ასმათის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის ქუჩების ნაწილი. წელსაც ვაგრძელებთ ამ პროექტს. უკვე დასრულებულია ვეფხისტყაოსნის ქუჩა, ასმათის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება დავარის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩები. ამჟამად, დავიწყეთ როსტევანის ქუჩის მოწესრიგება, სადაც უნდა მოხდეს აღნიშნული ქუჩების სანიაღვრე სისტემის დაერთება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.